საქართველოში მასშტაბური საერთაშორისო სპეცოპერაცია დასრულდა. საქართველოს პროკურატურის, შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურთან და პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ბიუროსთან ერთად, კრიპტოვალუტის გათეთრების სქემა გაანეიტრალეს.

ოპერაცია, რომელიც ევროპოლისა და ევროჯასტის მხარდაჭერით განხორციელდა, საქართველოს ათეულობით ლოკაციას მოიცავდა. საგამოძიებო მოქმედებებში სამი ქვეყნის 100-მდე სამართალდამცავი იყო ჩართული.

გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ფსევდონიმით „AudiA6“ მოქმედებდა, 2022 წლიდან ფუნქციონირებდა. ჯგუფი კიბერდამნაშავეებს ეხმარებოდა უკანონოდ მოპოვებული კრიპტოვალუტის „გათეთრებაში“ და მათ კვალს მალავდა.

სამართალდამცავებმა 10 ივნისს, აჭარაში, ჯგუფის ორი უცხოელი წევრი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მნიშვნელოვანი ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია.

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღსაკვეთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღა დაედო 173 ერთეულ ავტომობილს, ძვირადღირებულ უძრავ ქონებასა და ეჭვმიტანილთა საბანკო ანგარიშებს.

გამოძიების თანახმად, „AudiA6“-მა 2022-2025 წლებში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაათეთრა. დაჯგუფება ასევე მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმ „Dark2Web“-ს, რომელიც კიბერდამნაშავეების დასაკავშირებლად და არალეგალური სერვისების რეკლამირებისთვის გამოიყენებოდა.