როტშილდების ფონდის მკვლევარი და მეცნიერი ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებულ პირად ისტორიას აქვეყნებს. შაყულაშვილის თქმით, ეს ისტორია კარგად აჩვენებს პოლიტიკოსის ადამიანურ მხარეს, რომელიც ბევრისთვის უცნობია.

ომი და მოულოდნელი მხარდაჭერა

მეცნიერი იხსენებს პერიოდს, როდესაც გაგანია ომის დროს თავშესაფარში იმყოფებოდა. ამ რთულ ვითარებაში ის არქივზე მუშაობას განაგრძობდა. ერთ-ერთი აღმოჩენის შემდეგ, როდესაც არქივში სუჯუნადან იერუსალიმში გაგზავნილი წერილები იპოვა, შაყულაშვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ელენემ მაშინვე მომწერა და მკითხა, ხომ არ ჩანდა ბაბუაჩემის, აკაკის სახელი. ის მაშინ მწერდა, როცა ბევრმა ნათესავმა და მეგობარმა ზრდილობის გამოც კი არ მკითხა, ცოცხალი ვიყავი თუ არა“, — წერს შაყულაშვილი.

პირადი შეხვედრა და საჯარო პოზიცია

შაყულაშვილი აღნიშნავს, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ, საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ელენე ხოშტარიამ ის დაინახა და პირადად მივიდა მისასალმებლად. მისი თქმით, ეს ჟესტი მისთვის მნიშვნელოვანი იყო.

მეცნიერი მწვავედ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც ხოშტარიას მიმართ დევნას ახორციელებენ:

ამ ქალს ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ციხეში ტანჯვისათვის იმეტებთ და ერთი ადამიანიც არ დაგისჯიათ, ვინც შარშან, მათ შორის მეც, უცხო ნომრებიდან გვემუქრებოდა.

შაყულაშვილი დასძენს, რომ მომავალში გეგმავს ხოშტარიასთან შეხვედრას, რათა მას სუჯუნას წერილები პირადად აჩვენოს და თარგმნოს.