რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი მეზობელი ქვეყნების რუსეთთან თანამშრომლობის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებს. გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლური პოლიტიკა მიზნად ისახავს ამ ქვეყნებისთვის რუსეთთან პარტნიორობით მიღებული სარგებლის ჩამორთმევას.

ლავროვის თქმით, საქართველოს შემთხვევაში პროცესი „სრულიად აშკარა“ იყო. მისი განცხადებით, აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და სხვა ამერიკელი წარმომადგენლები თბილისში სწორედ რუსეთთან კავშირების გაწყვეტის მიზნით ჩადიოდნენ.

რუსი დიპლომატი 2008 წლის აპრილის ბუქარესტის ნატო-ს სამიტსაც შეეხო. ლავროვის მტკიცებით, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო ალიანსში გაწევრიანდებოდნენ, რუსეთისთვის გაუგებარი იყო. მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინის კითხვებს ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე დასავლელმა ლიდერებმა მხოლოდ ბუნდოვანი პასუხები გასცეს.

ლავროვი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებსაც გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივით შთაგონებულმა, „თავში აუვარდა“ და სამხედრო მოქმედებები წამოიწყო, მათ შორის რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სპეციალური კომისიის დასკვნაზე და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტმა ომის დაწყებაში ქართული მხარის პასუხისმგებლობა დაადასტურა. ლავროვის თქმით, მიუხედავად ამ ფაქტებისა, დასავლეთის პოზიცია რუსეთის მიმართ უცვლელი რჩება და ისინი კვლავ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაციაზე“ საუბრობენ.

უკრაინის კონტექსტში ლავროვმა დასძინა, რომ ევროპა არ დაუშვებს კონფლიქტის ისეთ დარეგულირებას, რომელიც „ზელენსკის რეჟიმს“ კონტროლიდან გამოიყვანს. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსი ამ მიმართულებით კვლავ მტკიცე რჩება.