რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას „პრაგმატულს“ უწოდებს. მისი თქმით, თბილისი ფორმალურად ინარჩუნებს ევროკავშირში გაწევრიანების კურსს, თუმცა აცნობიერებს ამ ნაბიჯით მოსალოდნელ ეკონომიკურ რისკებს.

გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეკონომიკის არაერთ დარგს, მათ შორის – სოფლის მეურნეობას, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათია.

რუსი დიპლომატის თქმით, საქართველოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთთან და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ლავროვი აცხადებს, რომ ბრიუსელი ახალ წევრებს მკაცრ მოთხოვნებს უყენებს, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებას და ევროკომისიის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების სრულ მხარდაჭერას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ლავროვი მოსკოვსა და თბილისს შორის არსებულ კონტაქტებს დადებითად აფასებს. მან ხაზი გაუსვა რუსი ტურისტების აქტიურობას საქართველოში.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პარალელი გაავლო საქართველოსა და სომხეთს შორის. მისი თქმით, ერევანიც თბილისის მსგავსად დგას არჩევანის წინაშე: ტრადიციული ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება თუ ევროინტეგრაციის გაღრმავება.

„სომხეთიც გადის ამ ევროკავშირული კლიშეს გამოცდას – ან ეს, ან ის“, – განაცხადა ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 14,5%-ით გაიზარდა და 737 მილიონი დოლარი შეადგინა. რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორად რჩება.

ბოლო პერიოდში მოსკოვის რიტორიკა გამკაცრდა. აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო „არამეგობრული სახელმწიფოების“ სიაში შეყვანით და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით დაიმუქრა. ეს მოულოდნელი ცვლილებაა იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლებში რუსეთი „ქართული ოცნების“ მთავრობას დასავლური სანქციებისადმი არმიერთების გამო ხშირად აქებდა.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია ქვეყნის სტრატეგიული მიზანია და ის კონსტიტუციით არის გამყარებული, თუმცა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე ოფიციალურად შეჩერებულია.