„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია — ამის შესახებ პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, პარტია ბოლო ორი წლის განმავლობაში სტაგნაციას განიცდის, რაც ამომრჩევლის დაკარგვასა და შიდა კომუნიკაციის პრობლემებში აისახება.
ბეჟაშვილის შეფასებით, პარტიის წინაშე არსებული ფინანსური საკითხები და პოლიტიკური უმოქმედობა გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს. მისი განმარტებით, პოლიტიკურ ძალას აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ კიდევ ორი წელი დაკარგოს.
„დღეს სწორედ არაორდინალური, თამამი და რადიკალური გადაწყვეტილებების დროა. ჩვენი პარტიის ფუნდამენტური კოდი ყოველთვის იყო არჩევითობა და გამბედაობა“, — აცხადებს ბეჟაშვილი.
პარტიის წევრი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ივლისში სრული შიდა არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. ბეჟაშვილის აზრით, ეს ერთადერთი სწორი გზაა პარტიის „გახსნისთვის“ და ახალი, ენერგიული ადამიანების ჩართულობისთვის.
მან ხაზი გაუსვა, რომ პარტია უნდა დარჩეს პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევს, ხოლო საგამონაკლისო წესით დანიშვნები პრაქტიკაში არ უნდა დამკვიდრდეს. ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ სისტემური „ჭედვის“ პირობებში აუცილებელია სრული გადატვირთვა.
„არჩევანი მარტივია: ან ვინარჩუნებთ კომფორტის ზონას და ვეგუებით ნელ სტაგნაციას, ან რისკზე მივდივართ და ვიბრუნებთ გამარჯვებულის მენტალიტეტს“, — წერს პოლიტიკოსი. მისი თქმით, მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც მზად არის რისკისთვის და არა მათ, ვინც სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.