„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და მისი „გადარჩენის“ მცდელობა პარტიის დღევანდელ მძიმე მდგომარეობას ნათლად აჩვენებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გააკეთა.
მახაშვილის შეფასებით, პარტიის გადაწყვეტილება, დაეყრდნოს ჟორჟოლიანის ფიგურას, იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად არასერიოზულია თავად „ნაციონალური მოძრაობა“. მისი თქმით, ეს ნაბიჯი პარტიის საზოგადოებასთან აცდენასა და პოლიტიკურ უმწიფრობას უსვამს ხაზს.
„ნანუკა ჟორჟოლიანი არასერიოზული პიროვნებაა, მის პოლიტიკურად დანაშაულებრივ წარსულზე აღარაფერს ვამბობ“, - განაცხადა მახაშვილმა. მისივე თქმით, ე.წ. ოპოზიციური ალიანსების ირგვლივ მიმდინარე პროცესები წინასწარ იყო პროგნოზირებადი.
პარლამენტარი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უკვე ნახა ორ-სამთვიანი პოლიტიკური დრამა, რომელიც ლოგიკური დასასრულით დასრულდა. მახაშვილის პროგნოზით, მსგავსი ალიანსების ფორმირება მომავალშიც გაგრძელდება.
„სავარაუდოდ, ზაფხულს გადაატარებენ და შემდეგ ახალ ასეთ „ალიანსს“ ვიხილავთ, ახალი ლოგოთი და ფერებით. ბევრი სხვადასხვა ტიპის მოტივაციის დასაწყისი ვნახეთ, მაგრამ საზოგადოებამ ნახა, რომ დასასრული ერთი და იმავეა“, - აღნიშნა მახაშვილმა.
მისი თქმით, პარტია სრულად არის მოწყვეტილი ამომრჩევლის რეალურ ინტერესებს და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას კრიზისულ რეჟიმში ცდილობს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.