„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმიანება ნიკა მელიას ბოლოდროინდელ განცხადებებს. ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილის მთავარი პოლიტიკური ენერგია კვლავ შიდა დაპირისპირებაზე იხარჯება, ნაცვლად იმისა, რომ მთავარი სამიზნე ოლიგარქიული რეჟიმი იყოს.

ბეჟაშვილი ნიკა მელიას დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ „საჯაროდ აფიშირებულად“ მოიხსენიებს. მისი მტკიცებით, მელიას არასდროს უყვარდა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ამის პარალელურად, ყოველთვის სურდა მისი პარტიის თავმჯდომარეობა და მისი ამომრჩევლის ხმები.

„წითელი ხაზები“ და 2024 წლის არჩევნები

„რატომ ვერ შედგა 2024-ში რეალური ერთიანობა? პასუხიც აქ არის. მთავარი „წითელი ხაზი“ ყოველთვის მიშა და ენმ იყო“, — წერს ბეჟაშვილი. მისი თქმით, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი არა ივანიშვილის, არამედ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებისკენ იყო მიმართული.

ბეჟაშვილი ასევე ეხმიანება ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხს. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს იმ მრავალმილიონიან დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც მაშინ პიარდებოდა. „ამბობენ, 40 მილიონიო, ზუსტი თანხა დღემდე უცნობია“, — აღნიშნავს პოლიტიკოსი.

ორმაგი სტანდარტები?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამტკიცებს, რომ არჩევნების პერიოდში „ახლები“ ამომრჩეველთან შეხვედრებისას ცდილობდნენ ხაზი გაესვათ ერთიანობისთვის, თუმცა რეალურად პარტიის დასუსტებაზე მუშაობდნენ. ამჟამად, როდესაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები „ლელოსთან“ დაახლოების შესახებ საუბრობენ, ბეჟაშვილისთვის ბევრი რამ უფრო ნათელი ხდება.

„ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილის მთავარი პოლიტიკური ენერგია ისევ ერთმანეთთან ბრძოლაზე იხარჯება“, — აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც სააკაშვილის მიმართ მწვავე კრიტიკა გამოთქვა. მელიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილის გარშემო არსებული პროცესები არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ კერძო ეგოისტურ მისწრაფებებს ემსახურება.