ლიეტუვის გენერალური პროკურატურა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევას იძიებს. ცენტრალური სახელმწიფო რეესტრიდან მოპარულია 600 ათასზე მეტი მოქალაქის პერსონალური მონაცემი.

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა, არუნას მასკოლუნასმა დაადასტურა, რომ ინფორმაციის გაჟონვა მიგრაციის დეპარტამენტის სისტემების გავლით განხორციელდა. მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხოლო თავად ცენტრალური რეესტრი ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება.

პოლიტიკური შედეგები და გადადგომა

მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევას უკვე მოჰყვა პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თანამდებობა დატოვა ცენტრალური რეესტრის ხელმძღვანელმა ანდრიუს იუსასმა. როგორც ირკვევა, დარღვევა ჯერ კიდევ აპრილში დაფიქსირდა, თუმცა საზოგადოებისთვის ეს ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინიენემ დაადასტურა, რომ დაზარალებულთა შორის მისი ოჯახის წევრებიც არიან. პრემიერის განმარტებით, საქმის კონფიდენციალურობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე იყო დაცული.

რუსული კვალი და ეროვნული საფრთხე

ლიეტუვის პარლამენტის დეპუტატმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ლაურინას კასჩიუნასმა მომხდარს „ეროვნული მასშტაბის საფრთხე“ უწოდა. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ რიგითი კიბერდანაშაული; პოლიტიკოსი ღიად მიანიშნებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობაზე.

მოპარული მონაცემები მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების ინფორმაციას, არამედ რუსეთიდან დევნილი მიგრანტების პირად მონაცემებსაც. ეს ფაქტი საქმეს განსაკუთრებულ სიმძიმეს სძენს, რადგან საფრთხე ემუქრება იმ ადამიანებს, რომლებიც რუსული რეჟიმისგან თავის დასაღწევად ლიეტუვაში გაიქცნენ.