დიდი შვიდეულის (G7) სამიტის მოახლოებასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტსა და საფრანგეთის ლიდერს შორის დაპირისპირება ღია ფაზაში გადავიდა. დონალდ ტრამპი საფრანგეთს ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 100%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებით ემუქრება.

კონფლიქტის მიზეზი პარიზის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები საფრანგეთში 3%-იანი ციფრული გადასახადით დაიბეგრებიან. საუბარია ე.წ. Gafam-ის ჯგუფზე.

პარიზის პოზიცია: „ეს ჩვენი გადასაწყვეტია“

ემანუელ მაკრონმა ვაშინგტონის მუქარას მკაცრი პასუხი გასცა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ციფრული გადასახადი ევროპული კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია და აშშ-ს არ აქვს უფლება, საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში ჩაერიოს.

მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპთან მომავალ შეხვედრაზე საკითხს „პატივისცემაზე დაფუძნებული, მაგრამ მკაცრი“ ტონით განიხილავს. პრეზიდენტის განმარტებით, ის მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და პრაგმატულ კურსს ინარჩუნებს.

ტრამპის ულტიმატუმი

საკუთარი პოზიცია დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში დააფიქსირა. აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საფრანგეთის მხრიდან ამერიკული კომპანიების დაბეგვრა მიუღებელია.

„მე მას პირადად ვთხოვე, არ დაებეგრა ამერიკული კომპანიები. თუ ისინი ამას მაინც გააკეთებენ, სხვა გზა არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ საფრანგეთიდან იმპორტირებულ ყველა შამპანურსა და ღვინოზე 100%-იანი ტარიფი დავაწესო“, - განაცხადა ტრამპმა.

სიტუაცია დაძაბულია და G7-ის სამიტი შესაძლოა სავაჭრო დებატების არენად იქცეს. ორივე მხარე საკუთარი პოზიციის დათმობას არ აპირებს, რაც გლობალურ ბაზარზე შესაძლო რეზონანსს იწვევს.