აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთს სავაჭრო ომით დაემუქრა. ვაშინგტონი პარიზისგან ტექნოლოგიურ კომპანიებზე დაწესებული ციფრული მომსახურების გადასახადის გაუქმებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თეთრი სახლი მზადაა, ფრანგულ ღვინოსა და შამპანურზე 100%-იანი საბაჟო ტარიფი შემოიღოს.

დაძაბულობის მთავარი მიზეზი საფრანგეთის მიერ 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილებაა. პარიზმა ტექნოლოგიურ გიგანტებს, მათ შორის Amazon-ს, Google-ს, Apple-სა და Facebook-ს, შემოსავლებზე 3%-იანი გადასახადი დაუწესა. ტრამპის თქმით, ეს ნაბიჯი ამერიკული კომპანიების ინტერესებს ლახავს.

„მე მაკრონს ვთხოვე, არ დაეკისროს გადასახადი ჩვენს კომპანიებს. თუ ისინი ამას გააკეთებენ, მე სხვა გზა არ მექნება, გარდა იმისა, რომ დავაწესო 100%-იანი ტარიფი საფრანგეთიდან გამომავალ ყველა შამპანურსა და ღვინოზე“, — განაცხადა ტრამპმა.

საკითხი „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ემანუელ მაკრონმა შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ ტარიფები არავისთვისაა სასარგებლო და სავაჭრო სტაბილურობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, ლიდერებს შორის „მტკიცე, მაგრამ პატივისცემაზე აგებული“ დისკუსია შედგება.

საფრანგეთის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიორთა ფედერაციაში (FEVS) შექმნილ ვითარებას „ცუდ ამბავს“ უწოდებენ. გაბრიელ პიკარმა განაცხადა, რომ სექტორი უკვე განიცდის წნეხს. შეერთებული შტატები ფრანგული ღვინის მთავარი იმპორტიორია და გასულ წელს ამ ბაზრის წილი მთლიან ექსპორტში 21%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ექსპორტირებულ ფრანგულ და ევროპულ ღვინოებს უკვე აკისრიათ 15%-იანი ტარიფი. ფედერაციის მონაცემებით, გასულ წელს ფრანგული ალკოჰოლის ექსპორტი ამერიკულ ბაზარზე უკვე 21%-ით შემცირდა, ახალი შეზღუდვები კი ინდუსტრიისთვის კიდევ უფრო მძიმე დარტყმა იქნება.