ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი მიმართვა გამოაქვეყნა. UFC-ის ჩემპიონმა ღიად ისაუბრა ბრძოლის დეტალებზე და აღიარა, რომ გასული საღამო მისი მეტოქისთვის, ჯასტინ გეიჯისთვის, წარმატებული აღმოჩნდა.

„ჯასტინ, გილოცავ. შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი და ასეც მოხდა“, — წერს თოფურია. სპორტსმენის თქმით, ბრძოლის პირველ რაუნდში მან მხედველობა მარჯვენა თვალში დაკარგა, ხოლო მეორე რაუნდის ბოლოსთვის — მარცხენაშიც.

თოფურია ხაზს უსვამს, რომ გამართლებებს არ ეძებს. ის აღნიშნავს, რომ მოსამზადებელი პერიოდი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „მე მოვედი მომზადებული, მკვეთრი და მზად ვიყავი. გუშინდელი ღამე შენი იყო. ასეთია ამ თამაშის ბუნება — დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან“, — აცხადებს მებრძოლი.

გზა რევანშისკენ

მიუხედავად მძიმე მარცხისა, თოფურია არ ნებდება. ის გეგმავს გამოჯანმრთელებას და დასვენებას, რათა მომავალში გაცილებით ძლიერი და საშიში დაბრუნდეს ოქტაგონზე.

„მე მოვრჩები. დავისვენებ. და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო სახიფათო. და მერწმუნეთ… ჩვენს შორის ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გვექნება ჩვენი რევანში“, — წერს თოფურია.

პოსტმა სოციალურ ქსელში რეკორდულ დროში უპრეცედენტო რეაქციები გამოიწვია. გამოქვეყნებიდან მხოლოდ 48 წუთში ჩანაწერმა 43 000-ზე მეტი მოწონება, 6 000-მდე კომენტარი და 4 000-მდე გაზიარება დააგროვა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პოპულარობასა და გულშემატკივრების მხარდაჭერას.