საქართველოს ვიცე-პრემიერმა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემისა და სპეცსამსახურების მუშაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უწყებებმა მუშაობის ხარისხი მნიშვნელოვნად აამაღლეს.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოს დღეს ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები, რაც საშუალებას იძლევა, გამოვლინდნენ და დააკავონ ჯაშუშები. ეს პროცესი, მისი შეფასებით, ისტორიული მასშტაბით ახალი მოვლენაა.

„ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ჯაშუში არასოდეს დაუკავებია და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ კი, ვმუშაობთ. თუმცა, ჩვენ თვითკმაყოფილებაში არ უნდა წავიდეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ იურიდიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ხელისუფლება მიმართავს. მისი თქმით, გარე აქტორებთან არსებული „უთანასწორო ბრძოლის“ გამო, გარკვეული ნაბიჯები იძულებითი ხასიათისაა.

„იურიდიულ გადაწყვეტას რომ გვიწუნებთ, ამ ნარატივის გარედან მხარდაჭერა რამხელა იყო, ძალიან კარგად იცით“, - აღნიშნა მან. მდინარაძის განმარტებით, მსგავსი დისკუსიები განსაკუთრებით გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვისას იყო აქტუალური.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებთანაც უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა. მისივე განცხადებით, მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, უწყებების წინაშე კვლავ რჩება გამოწვევები, რომლებსაც სისტემური მუშაობა სჭირდება.