საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებს „რევოლუციურ სცენარს“ უწოდებს. მისი განცხადებით, არსებობდა კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ ძალებს ჯერ საკრებულოში, შემდეგ კი პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა ჰქონდათ განზრახული.

საკრებულო და პრეზიდენტის სასახლე: „სატყუარა“

მდინარაძის თქმით, სამართალდამცავებს ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, რომ პირველადი სამიზნე საკრებულო იყო. თუმცა, შენობაში მობილიზებული 1000-მდე სპეცრაზმელის გამო, გეგმა შეიცვალა. „პრეზიდენტის სასახლეში იცოდნენ, რომ არავინ იყო, თუმცა ეს იყო სატყუარა, რომელზეც ისინი წამოეგნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე მტკიცებით, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ ორივე მხარე გამაგრებული იყო, ხოლო სპეცრაზმის დამატებითი დანაყოფები ახლომდებარე ტერიტორიებზე იყვნენ განლაგებული, რაც მათ 10-15 წუთში რეაგირების საშუალებას აძლევდა.

იარაღი, ფორმები და პრევენციული ზომები

ვიცე-პრემიერი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია იარაღისა და პოლიციელის ფორმების სამალავების შესახებ. მდინარაძის განმარტებით, ამ ინფორმაციის ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოღებული იქნა კონკრეტული ნივთმტკიცებები.

„ვინც ამ იარაღთან უნდა წასულიყო, დაკავებული „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნის სახლთან მოძრაობდნენ. ჩვენ გავანეიტრალეთ ის ხალხიც, ვინც იარაღთან უნდა მისულიყო. ეს იყო პრევენცია, თორემ იმ იარაღის გამოყენების შედეგები არავინ იცის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ბათუმში ჩატარებული ოპერაციის შედეგად აღმოჩენილი იქნა დიდი რაოდენობით იარაღი და 150-მდე სიმ-ბარათი. ასევე, დაკავებულია ძებნილი პირი, რომელიც შემკვეთებს უკრაინაში ვიდეოებს უგზავნიდა.

უცხოური დაფინანსება და პოლიტიკური კონტექსტი

მდინარაძემ საუბრისას ხაზი გაუსვა საარჩევნო პერიოდში დაფინანსების წყაროებს. მისი თქმით, ოპოზიციური აქტივობები, მათ შორის „კანვასის“ ტრენინგები, უცხოური თანხებით ფინანსდებოდა, რაც ბანგკოკის გავლით ხორციელდებოდა.

„ეს თანხები მოდიოდა უცხოეთიდან, ჩვენ კანონები შევცვალეთ, რათა ეს პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო. ოპოზიციამ კი „რუსული კანონის“ ლოზუნგით ქვეყნის დესტაბილიზაცია სცადა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. იგი ასევე შეეხო 2021 და 2022 წლების პოლიტიკურ მოვლენებს და აღნიშნა, რომ მიზანი ყოველთვის ერთი იყო — ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.