ვიცე-პრემიერმა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პოლიციელთა საქმიანობასა და მათ მიმართ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო არც პოლიციელის ღირსების შემლახველ კამპანიას გაატარებს და არც სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ გადაცდომებს დატოვებს რეაგირების გარეშე.
მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 45-ათასიან სისტემაში ცალკეული გადაცდომების გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა მთავარი პრინციპი დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრაა. „გარანტიას მივცემთ იმისას, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება ვერცერთი. როდესაც მე ამ თანამდებობაზე გადავდიოდი, პირობა დავდე, რომ აქციების დროს პოლიციელთა შესაძლო გადაცდომებზე რეაგირება მოხდებოდა და ეს პირობა შესრულდა“, - განაცხადა მან.
დისკრედიტაციის კამპანია და მანიპულაციები
მინისტრის განცხადებით, პოლიციის სისტემის მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები ხშირად მანიპულაციებზეა დაფუძნებული. მან მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, როდესაც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იყო გარკვეული პირების დაკავების შესახებ, თუმცა მედიასაშუალებებმა ეს ფაქტი შეგნებულად დატოვეს მიღმა.
„პოლიციელის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას არავის არ გავუტარებთ და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საერთაშორისო გამოცდილება და პრევენცია
მამუკა მდინარაძემ შედარება გაავლო ევროპულ ქვეყნებთან და აღნიშნა, რომ დასავლეთში, მათ შორის დანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, პოლიციური ძალადობის ფაქტები ხშირად რეაგირების გარეშე რჩება. მისი თქმით, საქართველოში სისტემური დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, რადგან სახელმწიფო პრევენციის მექანიზმებს მუდმივად აძლიერებს.
„ვერავინ გაიტანს თავის დანაშაულს. ჩვენ ვახერხებთ იმას, რაც წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო. ნებისმიერი მავნე ქმედება, იქნება ეს პოლიციელის მხრიდან თუ მის მიმართ, კანონის სრული სიმკაცრით შეფასდება“, - დაასკვნა ვიცე-პრემიერმა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.