სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ პოლიციელთა დისციპლინასა და კანონის წინაშე თანასწორობაზე ისაუბრა. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფა და ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია.

მდინარაძის განცხადებით, რეალისტურია იმის აღიარება, რომ 45 ათას ადამიანში შესაძლოა ცალკეული ინციდენტები მომავალშიც მოხდეს. მისი თქმით, ვერავინ გასცემს გარანტიას, რომ რომელიმე სამართალდამცველი კანონს არ დაარღვევს, თუმცა სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„45 ათასი ადამიანიდან ვიღაცამ შეიძლება შეარცხვინოს პოლიციელის მუნდირი, ამის გარანტიას ვერავინ მისცემს ვერავის. თუმცა, გარანტიას მივცემთ იმისას, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება ვერცერთი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო მინისტრმა გაიხსენა აქციების დროს მომხდარი ინციდენტები და აღნიშნა, რომ მან საზოგადოებას პირობა მისცა, სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს პირობა შესრულებულია და მტკიცებულებების შეგროვება გრძელდება.

მდინარაძემ კრიტიკულად შეაფასა მანიპულაციური კამპანიები, რომლებიც, მისი თქმით, პოლიციის სისტემის დისკრედიტაციას ემსახურება. მან შეადარა საქართველოს პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებს და აღნიშნა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებში პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შემთხვევები ხშირად დაუსჯელი რჩება, რაც ქართულ რეალობაში არ ხდება.

„ჩვენთან დასჯილია ადამიანი, ფაქტია სახეზე და საქმე გახსნილია. სისტემურობაზე საუბარი უსაფუძვლოა, რადგან ჩვენ პრევენციას ყოველთვის მოვახდენთ,“ - განმარტა ვიცე-პრემიერმა.

მან ასევე გააფრთხილა ყველა პირი, პოლიციელი იქნება თუ სხვა უწყების წარმომადგენელი, რომ კანონს მიღმა არავინ დგას და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა გარდაუვალი იქნება.