პროკრემლური პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა პიპია ქართული ექსპორტისთვის რუსეთის ბაზრის შეზღუდვას აანონსებს. პიპიას თქმით, ის მუშაობს 40-მდე ქართული კომპანიის რუსეთში საქმიანობის აკრძალვაზე, რადგან მათ „რუსოფობიის“ დაფინანსებაში ადანაშაულებს.

აღნიშნული განცხადება პიპიამ პროპაგანდისტულ არხ „სოლოვიოვ ლაივ“-ის ეთერში გააკეთა. პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ კომპანიები, რომლებიც რუსეთში მილიარდებს შოულობენ, საქართველოში ანტირუსულ და ანტისახელმწიფოებრივ აქტივობებს აფინანსებენ.

„დღეისთვის არსებობს 40 კომპანიის სია, რომელთა საქმიანობაც რუსეთში უახლოეს მომავალში შესაძლოა აიკრძალოს“, — განაცხადა პიპიამ. მან კონკრეტული ბრენდები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია ღვინის, კონიაკის, მინერალური წყლისა და კვების პროდუქტების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებზე.

პიპიას თქმით, ეს შეზღუდვები იმ მექანიზმების ანალოგიური იქნება, რომლებსაც მოსკოვი ბოლო პერიოდში სომხეთის წინააღმდეგ იყენებს. მან „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში დაადასტურა, რომ სია უკვე შეთანხმებულია რუსულ მხარესთან და გავლილი აქვს ყველა საჭირო შემოწმება.

პოლიტიკოსი ბიზნესს „სიტუაციის გამოსწორებისკენ“ მოუწოდებს. მისი განმარტებით, კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, „მოილაპარაკონ“ მოსკოვთან და თავი აარიდონ ეკონომიკურ სანქციებს, რომლებიც, მისივე პროგნოზით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიუჯეტს.

აღსანიშნავია, რომ პიპიას ინიციატივა რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების ფონზე ხდება. 2025 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი იყო, ხოლო ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 2,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მხოლოდ ექსპორტის წილი რუსეთში დაახლოებით 750 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მამუკა პიპია, რომელიც რუსეთთან მჭიდრო კავშირებითაა ცნობილი, პოლიტიკურ აქტივობას საქართველოს ნეიტრალიტეტის მოთხოვნით აგრძელებს. მანამდე, მსგავსი „ანტირუსოფობიური“ ინიციატივით გამოვიდა გულბაათ რცხილაძის „ევრაზიის ინსტიტუტი“, თუმცა პროცესი მისი დაკავებით დასრულდა. სუს-მა რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.