საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ რისკებზე, რაც, მისი თქმით, თან ახლავს სამხედრო კონფლიქტში ჩართულობას.
გორდულაძემ გაიხსენა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება, რომელიც მან რუსთაველის გამზირზე გააკეთა. დეპუტატის თქმით, ლომჯარიამ ღიად დააფიქსირა პოზიცია, რომ ურჩევნია, საქართველოში „ბომბების წვიმა ცვიოდეს“, ვიდრე განიცდიდეს იმ „სირცხვილს“, რაც, მისი აზრით, ხელისუფლების გადაწყვეტილებებს უკავშირდება.
„ყოფილი სახალხო დამცველი დადგა რუსთაველზე და თქვა: მე მირჩევნია ბომბების წვიმა ცვიოდეს, იმ სირცხვილს, რასაც ახლა განვიცდით მთელი ერიო. რა იყო ეს სირცხვილი? ის, რომ მთავრობამ არ დაუშვა კონკრეტული მოხალისეების გაგზავნა, არ შეუერთდა სანქციებს და უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა არ გადასცა“, — განაცხადა გორდულაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რიტორიკული კითხვა დასვა იმის შესახებ, თუ რა შედეგებს მოიტანდა ქვეყნისთვის მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. მისი მტკიცებით, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და ეკონომიკური სანქციების დაწესება უშუალო საფრთხეს უქმნის ქვეყნის მშვიდობიანობას.
„თუ ქვეყანა სხვა ქვეყანას აწვდის იარაღს, თავისი გადაწყვეტილებით და თანხმობით აგზავნის ჯარისკაცებს ომში და აწესებს ეკონომიკურ სანქციებს, ეს ქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმას? სამწუხაროდ, ამ ყველაფერზე არავინ საუბრობს“, — აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და ომის არიდებაა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ოპოზიციის კრიტიკის საგანი ხდება, სწორედ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.