ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მოქალაქეებს, კერძოდ კი ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს მიმართა. რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის მიერ გავრცელებული ნარატივები რეალობას აცდენილია და ომში გაგზავნილი ადამიანები მხოლოდ მძიმე ბედის მოლოდინში არიან.
რუტეს ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგები უკრაინის ომში ყოველთვიურად 30 ათას სამხედროს აღემატება. ეს ციფრი იმდენად მასშტაბურია, რომ ის აჭარბებს საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის ომის ათი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ჯამურ მსხვერპლს.
კრემლის პროპაგანდა გატყუებთ. შენნაირ ახალგაზრდებს ომში სათანადო სამხედრო მომზადების გარეშე აგზავნიან, ხოლო აღჭურვილობა, რომელსაც გაძლევენ, დაბალი ხარისხისაა, - განაცხადა მარკ რუტემ.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ბრძოლის ველზე დაჭრილი რუსი ჯარისკაცების ბედი უკიდურესად გაურკვეველია. არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დაჭრილებს თანამებრძოლები მიატოვებენ და ისინი ტალახში, დახმარების გარეშე დაიღუპებიან.
რუტემ აღნიშნა, რომ ათიათასობით დაღუპული რუსი სამხედრო მხოლოდ მშრალი სტატისტიკა არ არის. მისი თქმით, ეს არის რეალური ადამიანები, რომელთა ადგილას შეიძლება ნებისმიერი რუსი ახალგაზრდა აღმოჩნდეს.
ამ ფონზე, ნატოს შეფასებით, უკრაინა თავდაცვის პოზიციებს მყარად ინარჩუნებს, მაშინ როდესაც რუსეთის არმია მზარდი დანაკარგების გამო სულ უფრო რთულ ვითარებაში ვარდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.