უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ფედერაციამ დაახლოებით 500 000 სამხედრო დაკარგა. აღნიშნული მონაცემები ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა, რასაც Sky News-ი ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დასავლური დაზვერვა დაღუპულთა ასეთ კონკრეტულ მაჩვენებელს ასახელებს. მანამდე არსებული სტატისტიკა, როგორც წესი, დაჭრილებსა და გარდაცვლილებს ერთად მოიცავდა, რაც რეალური სურათის შეფასებას ართულებდა.

რუსეთის „რეგრესი“ ბრძოლის ველზე

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, ანა კისტ-ბატლერმა განაცხადა, რომ ეს მძიმე დანაკარგები ვლადიმირ პუტინისთვის ბრძოლის ველზე არსებულ აშკარა რეგრესზე მიუთითებს. კრემლი იძულებულია, უზარმაზარი ადამიანური რესურსი გაიღოს საკუთარი სამხედრო მიზნების მისაღწევად.

სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთი პარალელურად აძლიერებს ჰიბრიდულ აქტივობას დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წინააღმდეგ.

ჰიბრიდული საფრთხეები და ინფრასტრუქტურა

ანა კისტ-ბატლერის განცხადებით, რუსული სპეცსამსახურების სამიზნეში კრიტიკული ინფრასტრუქტურა, დემოკრატიული პროცესები და საზოგადოებრივი ნდობაა. მისი თქმით, მოსკოვი ცდილობს გავლენა მოახდინოს მიწოდების ჯაჭვებზეც.

„ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც პირველ რიგში ვართ კონცენტრირებული, არის იმ მონაცემებისა და ენერგიის დაცვა, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან კაბელებსა და მილსადენებზე ბრიტანეთის წყლებსა და მის მიმდებარედ გადაიცემა“, — განაცხადა კისტ-ბატლერმა.

ბრიტანული დაზვერვა აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან, რათა გამოავლინოს რუსეთის განზრახვები და შეასუსტოს მათი წყალქვეშა შესაძლებლობები. სამსახურის მთავარი ამოცანა ამ საფრთხეების პრევენცია და ნეიტრალიზაციაა.