საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მესამემ, საკვირაო ქადაგებისას თანამედროვე სამყაროში ქრისტიანული ცხოვრების სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ რეალობაში მორწმუნეებს წმინდა გიორგის მსგავსი ფიზიკური დევნა და სისხლიანი მოწამეობა არ ემუქრებათ, ქრისტიანობა კვლავ გამოწვევებით აღსავსე რჩება.
მეუფე შიომ ხაზი გაუსვა, რომ ვისაც სურს, იცხოვროს ქრისტიანული პრინციპებით, ხშირად აწყდება წინააღმდეგობებს, შევიწროებასა და შეურაცხყოფას. მისი დაკვირვებით, „ამასოფლიური ცხოვრება“ იმდენად დაშორდა სულიერებასა და ტრადიციულ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომ ხშირად ზოგადსაკაცობრიო პრინციპებსაც უგულებელყოფს.
„დღეს, ჩვენ შეიძლება, და მადლობა ღმერთს, არ მოგვეთხოვება ასეთი სახის სისხლიანი მოწამეობა, რადგან არავინ გვემუქრება სიკვდილით ქრისტეს ერთგულების გამო, მაგრამ, არც დღეს არის იოლი იყო ნამდვილი ქრისტიანი“, - განაცხადა შიო მესამემ.
პატრიარქის მოსაყდრის განმარტებით, თანამედროვე საზოგადოება ხშირად ვერ გუობს ადამიანს, რომელიც უფლისკენ ისწრაფვის. მან ქადაგებისას სახარებისეული სწავლება გაიხსენა და აღნიშნა, რომ უფლის წინაშე ადამიანის აღიარება ან უარყოფა გადამწყვეტია.
„ვინც მაღიარებს მე წინაშე კაცთა, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე და ვინც უარმყოფს მე წინაშე კაცთა, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე“, - ციტირებს მეუფე შიო სახარების სიტყვებს. მისი შეფასებით, ღვთის უარყოფა მძიმე ცოდვაა, რომელიც ადამიანს მარადიულ კვალს ატყობს, თუკი არ მოხდება სინანული და გამოსწორება.







დისკუსია
0 კომენტარი