საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ბოდბის დედათა მონასტერში, წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ ხელისუფლების ახალ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა.
მეუფე შიოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა, რაც ამ ინიციატივის აუცილებლობას განაპირობებს.
„სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენ ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ქადაგებას ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი ესწრებოდნენ. მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა.
„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენ ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების თვალსაზრისით“, - დასძინა მან.
სიტყვით გამოსვლისას მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ეკლესია ლოცულობს აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის.







დისკუსია
0 კომენტარი