დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში რუსეთის მიერ კიევ-პეჩორის ლავრაზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო. მთავარეპისკოპოსის თქმით, ეს იერიში განსაკუთრებული ტკივილით აღიქმება ყველასთვის, ვისთვისაც ეკლესიის სიწმინდეები და ისტორიული მეხსიერება ძვირფასია.

„ღრმა მწუხარებითა და გულისტკივილით შევიტყვეთ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული უპილოტო საჰაერო თავდასხმის შესახებ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეზე“, - აღნიშნავს მეუფე ზენონი თავის მიმართვაში. ლავრა, როგორც წერილშია ხაზგასმული, არ არის მხოლოდ უკრაინელი ერის საგანძური; ეს არის მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიული და მონოზვნური ტრადიციების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.

მთავარეპისკოპოსი ხაზს უსვამს, რომ სიწმინდეების დაზიანებით შეუძლებელია იმ სულიერი ძალის შერყევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა უკრაინელ ერს. მისი თქმით, რწმენა, იმედი და სიყვარული ყოველთვის აღემატება ნგრევასა და ძალადობას.

„ვევედრებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს - წმინდა ორანტას, „კიევის ურღვევ კედელს“, თავისი საფარველი გადააფაროს განსაცდელში მყოფ უკრაინას, განამტკიცოს მისი მორწმუნე ერი და მალე მოანიჭოს ქვეყანას სამართლიანი და მყარი მშვიდობა“, - ნათქვამია ეპისკოპოსის წერილში.

მეუფე ზენონმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინელ ხალხს უფლის შეწევნა და მფარველობა უსურვა. ამ მძიმე პერიოდში ქართველი სასულიერო პირი სოლიდარობასა და ლოცვით თანადგომას უცხადებს უკრაინელ მორწმუნეებს.