უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობისგან დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო. 15 ივნისს, რუსული რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს ცეცხლი გაუჩნდა.

კიევის მერისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ლავრის ტერიტორიაზე მდებარე მიძინების ტაძრის სახურავი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები მუშაობდნენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ მომხდარს „სახელმწიფოებრივი ბარბაროსობა“ უწოდა. მისი თქმით, ამ ქმედებით ვლადიმერ პუტინმა თავისი სახელი მსოფლიოს ყველაზე საშინელი ბარბაროსების ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა.

„კიევ-პეჩერის ლავრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება. ჩვენ ვიწყებთ შესაბამისი პროცედურების ინიცირებას იუნესკოს ფარგლებში და ვააქტიურებთ ყველა საერთაშორისო მექანიზმს“, - განაცხადა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

სიბიჰამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ დაკმაყოფილდება ბუნდოვანი განცხადებებით. კიევი მოელის, რომ მსოფლიოს დედაქალაქები და საერთაშორისო ინსტიტუტები ამ ფაქტს მკაცრი და ქმედითი ნაბიჯებით უპასუხებენ.

ცნობისთვის, 15 ივნისის მასირებულ შეტევას კიევში მსხვერპლიც მოჰყვა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია. აფეთქებების შედეგად ქალაქში დაზიანდა და დაიწვა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. რუსულ მხარეს ამ თავდასხმასა და ლავრის დაზიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.