სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ „3+3“ ფორმატის საექსპერტო შეხვედრას საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ მეტრეველი დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც 6 ივნისს გაიმართა, ის საქართველოს წარმომადგენლის სტატუსით იყო მითითებული.
საკუთარი მონაწილეობის შესახებ საუბრისას მეტრეველმა განაცხადა, რომ ფორუმის ორგანიზატორებმა თავად დაუკავშირდნენ. მისი თქმით, შეხვედრაზე წარმოდგენილი მოსაზრებები მისი პირადი პოზიციაა და ის არავის ოფიციალურ პოზიციას არ ახმოვანებდა.
„მე წარმოვადგენდი კონკრეტულად ჩემ თავს და რაც ვისაუბრე არის პირადად ჩემი მოსაზრება“, — განუცხადა მეტრეველმა რადიო თავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. 3+3 პლატფორმა რეგიონული თანამშრომლობის ფორმატია, რომელიც რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობას გულისხმობს. საქართველო ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, რისი მთავარი მიზეზიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა.
რა არის „საექსპერტო შეხვედრა“
აღნიშნული სესია 5 ივნისს გაიმართა და მას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა ჰქონდა. შეხვედრის ორგანიზატორებს შორის იყვნენ გორჩაკოვის სახელობის ფონდი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩინეთისა და თანამედროვე აზიის ინსტიტუტი.
გორჩაკოვის ფონდი რუსეთის ე.წ. „რბილი ძალის“ ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის პოზიცია უცვლელია და საქართველო ამ ფორმატის შეხვედრებში არ მონაწილეობს.
ვინ არის ნიკოლოზ მეტრეველი
ღია წყაროების მიხედვით, მეტრეველი პოზიციონირებს როგორც ანალიტიკოსი. ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ის მითითებულია, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის შესახებ ქართულენოვანი ინფორმაცია ღია წყაროებში თითქმის არ იძებნება.
მეტრეველის საჯარო განცხადებები ხშირად ემთხვევა პროსახელისუფლებო ნარატივებს. ფორუმზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერს მმართველ პარტიას, მიაჩნია, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე პრაგმატული სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.
„უნდა ვისაუბროთ და განვიხილოთ. 3,5-მილიონიან ქვეყანას უნდა ესმოდეს, რომ მსოფლიო მის გარშემო არ ბრუნავს“, — განაცხადა მან პეტერბურგში.
ოფიციალური თბილისის პოზიცია კვლავ უცვლელია: რუსეთთან ურთიერთობისთვის არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელიც კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთ საერთაშორისო აღიარებულ ფორმატად რჩება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.