ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ევროპის მუზეუმების წლის დაჯილდოების (EMYA) ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე თბილისის მუზეუმების გაერთიანების ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნინი სანადირაძემ მწვავე მოხსენება წარადგინა. სანადირაძე, რომელიც 2025 წელს „ინსტიტუციური სიმამაცისა და პროფესიული პატიოსნებისთვის“ კენეთ ჰადსონის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა, საზოგადოებას მუზეუმის გარეშე, თუმცა პროფესიული მხარდაჭერის იმედით წარუდგა.

სანადირაძემ, რომელიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან ვადამდე ორი წლით ადრე გაათავისუფლეს, საკუთარი გამოსვლა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმთან დაკავშირებულ მოგონებებს დაუკავშირა. მისი თქმით, საქართველო, რომელიც ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიის გზაზე იდგა, დღეს რთული და საშიში რეალობის წინაშეა.

„დღეს ჩემს ქვეყანაში ისეთი რეალობაა, რომლის დაჯერებაც ზოგჯერ ძნელია. ადამიანები ისჯებიან მშვიდობიან აქციებში მონაწილეობისთვის, ტროტუარზე დგომისთვის ან უბრალოდ განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის,“ – განაცხადა სანადირაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და კულტურის სფერო შეტევის ქვეშაა. მისი თქმით, შიში დიალოგზე ძლიერი გახდა, რაც ქვეყნისთვის უკვე ნაცნობი საბჭოთა რეპრესიების მტკივნეულ გამოცდილებას აგონებს. გამოსვლისას მან კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და პოეტ ზვიად რატიანის პატიმრობა ახსენა.

სანადირაძემ ისაუბრა პოლონეთში, კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრში გატარებულ პერიოდზეც, სადაც ის Thesaurus Poloniae-ს პროგრამის ფარგლებში ისტორიულ დოკუმენტებს იკვლევდა. კვლევამ მას შეახსენა, რომ ისტორია არასდროს არის მხოლოდ წარსული, არამედ ეს არის არჩევანი, თუ რას ვიმახსოვრებთ და რას ვშლით.

„მუზეუმი არ არის მხოლოდ საგნების კოლექცია. ეს არის გამბედაობა, დამახსოვრო, როდესაც სამყარო დავიწყებისკენ მოგიწოდებს,“ – აღნიშნა მან. სანადირაძის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ის ინარჩუნებს რწმენას, რომ დემოკრატიული ღირებულებები შიშზე ძლიერია და ერთ დღესაც დღევანდელი მძიმე რეალობა ისტორიის ნაწილი გახდება.

მან თავისი გამოსვლა პოეტის სიტყვებით დაასრულა, რომელიც სიმბოლურად დღევანდელი დღის გამოწვევებსა და შიშის დაძლევის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.