2011 წლის 26 მაისის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის საპროტესტო აქცია, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ძალის გამოყენებით დაშალა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ოპოზიციური პარტიების დღევანდელი რიტორიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც წარსულში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ სისასტიკით გამოირჩეოდნენ, დღეს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ.

„ირონია და დაცინვა“

„მათ არც მორალური უფლება აქვთ, არც არანაირი ლეგიტიმური უფლება, რომ დამოუკიდებლობის სახელით ისაუბრონ. ზუსტად ეს აქციები სხვაზე დამოკიდებულებას და სხვაზე მონურ მორჩილებას ემსახურება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

წილოსანის შეფასებით, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დამოუკიდებლობის დღისადმი პათოსის გამოხატვა ქართველი ხალხის მიმართ ირონია და დაცინვაა. მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ 2011 წლის 26 მაისს იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ამ დღის აღსანიშნავად იყვნენ გამოსული.

პოლიტიკური შეფასებები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ სწორედ წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო, ოპოზიცია საზოგადოებაში მხარდაჭერას ვერ პოულობს. წილოსანის აზრით, ეს დამოკიდებულება მათივე ამომრჩევლისთვისაც ნათელია.

„ნაცმოძრაობა, რომელსაც უკავშირდება 2011 წლის 26 მაისის სისასტიკე, დღეს გვევლინება ამ დღის განსაკუთრებულ აღმნიშვნელად. ეს არის ყველაზე დიდი დაცინვა ქართველი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა წილოსანმა.

მისი თქმით, ოპოზიციური ძალების აქტივობები მიზნად ისახავს არა დამოუკიდებლობის განმტკიცებას, არამედ გარე ძალებზე დამოკიდებულების შენარჩუნებას.