რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში, შავი ზღვის სანაპიროზე, ღამით მასირებული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე დაახლოებით 50-მდე აფეთქების ხმა ისმოდა, რასაც ნავთობბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

თავდასხმის სამიზნე „გრუშოვაიას“ სამრეწველო მოედანი გახდა. ის „შესხარისის“ გადამტვირთავი კომპლექსის ნაწილია და კავკასიის მასშტაბით ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს სტრატეგიულ ობიექტად ითვლება.

ობიექტი ნოვოროსიისკიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 212-დან 213 ჰექტარამდეა, სადაც განთავსებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახი ათობით რეზერვუარი. მათი ჯამური მოცულობა 1.2 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების სერია იმდენად ინტენსიური იყო, რომ ხანძარი სწრაფად გავრცელდა ტერმინალის ტერიტორიაზე. რუსული მხარე ოფიციალურ დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს, თუმცა მასშტაბური ხანძარი ობიექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალები რუსეთის საექსპორტო პოლიტიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქედან ხდება ენერგორესურსების გადატვირთვა საერთაშორისო ბაზრებისთვის. აღნიშნული ინციდენტი რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.