გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფონიჭალაში მდებარე შპს „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ესტუმრა. უწყების ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო წარმოების პროცესს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველებისა და ფრინველებისთვის კომბინირებული საკვების დამზადებას გულისხმობს.

საწარმოში მიმდინარეობს პირუტყვისა და ფრინველის საკვების სრული ციკლის წარმოება. კომპანიის წლიური წარმადობა 80 000 ტონას აღწევს, რაც მას დარგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს. პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის არ არის გათვლილი; ის წარმატებით გადის ექსპორტზე სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და მოლდოვაში.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. „ნუტრიმაქსმა“ სხვადასხვა წლებში ისარგებლა სახელმწიფო პროგრამით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. სწორედ სახელმწიფო მხარდაჭერით, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, მოხდა საწარმოს აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რამაც მისი საწარმოო სიმძლავრეების ზრდა განაპირობა. ამჟამად საწარმოში 200 ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ კომბინირებული საკვების სექტორის განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა. პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, საქართველოში მსგავსი საწარმოების ხელშეწყობის მიზნით, გაცემულია 46 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 115 აგროსესხი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსებამ 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ უწყების მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და მარნეულის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაურ დარგალი.