კრიპტოვალუტის ბირჟა KuCoin-ი სეიშელის კუნძულების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. საქმე ეხება შვეიცარიელი ინვესტორის, დიდიე რაბლის კუთვნილ 21 მილიონ CoinPoker (CHP) ტოკენს, რომელიც ბირჟამ დელიტინგის პროცესისას „მიტოვებულად“ გამოაცხადა.
2025 წლის დეკემბერში სასამართლომ რაბლი ტოკენების ერთადერთ კანონიერ მფლობელად ცნო და ბირჟას 2 მილიონ USDT-ზე მეტი თანხის, ასევე 10 000 დოლარის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. თუმცა, ინვესტორის განცხადებით, გადახდა დღემდე არ განხორციელებულა.
სასამართლოს დადგენილებით, ბირჟას არ ჰქონდა უფლება, მომხმარებლის აქტივები საკუთრებად მიეთვისებინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ KuCoin-მა რაბლს მხოლოდ ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა გაფრთხილება ტოკენების დელიტინგის შესახებ, თუმცა სხვა ალტერნატიული გზებით, მაგალითად, ტელეფონით ან ფოსტით, დაკავშირება არ უცდია.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირჟის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა პუნქტს, რომლის მიხედვითაც დელიტინგის შემდეგ გამოუტანილი თანხები ავტომატურად ბირჟის საკუთრება ხდება. KuCoin-ის სეიშელის ფილიალებს სასამართლო პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც დაცვის პოზიცია წარმოუდგენიათ.
სეიშელის ფინანსური მომსახურების ორგანოს (FSA) წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, FSA-მ აღნიშნა, რომ KuCoin-თან დაკავშირებულ კომპანია Mek Global Ltd-ს ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის ლიცენზიაზე უარი ეთქვა და კომპანიას სეიშელზე საქმიანობის შეწყვეტა დაევალა.
ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება პირველი ინსტანციისაა და სეიშელის გარეთ იურიდიული ძალა არ გააჩნია, ის მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის. კრიპტო-სამართლის სპეციალისტების თქმით, ბირჟის მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების იგნორირება ეწინააღმდეგება კლიენტთა უფლებების დაცვისა და კორპორატიული კეთილსინდისიერების საერთაშორისო სტანდარტებს.
თავად დიდიე რაბლი აცხადებს, რომ დამატებით სამართლებრივ ზომებს ამზადებს, რათა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს. KuCoin-ის მხრიდან კომენტარის გაკეთებაზე მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, პასუხი კვლავ არ მიგვიღია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.