25 ივნისიდან საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავი Georgian Airways თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარულ ავიარეისებს ახორციელებს. ინფორმაციას აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
საზაფხულო სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენები კვირაში ოთხჯერ — სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მგზავრებს Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით მოემსახურება.
ავიაკომპანიის მიერ შედგენილი განრიგი ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, რომელთაც შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება და დროის დაზოგვა სურთ. თბილისიდან თვითმფრინავი დილის 09:00 საათზე აფრინდება, ხოლო ბათუმიდან უკან დასაბრუნებელი რეისი 19:30 საათზე შესრულდება. მგზავრობის ხანგრძლივობა სულ რაღაც 45 წუთს შეადგენს.
რა დაუჯდებათ მგზავრებს ავიაბილეთები?
კომფორტული და სწრაფი მგზავრობა, რომელიც სახმელეთო ტრანსპორტთან შედარებით საგრძნობლად ზოგავს დროს, საკმაოდ ძვირი ჯდება. ერთი მიმართულებით ბილეთის ღირებულება 343-დან 419 ლარამდე მერყეობს, რაც დოლარში 131-დან 158 დოლარამდეა.
შედარებისთვის, თბილისიდან ბათუმში მოხვედრის ალტერნატიული და გაცილებით პოპულარული გზები ბევრად ეკონომიურია. მაგალითად, მატარებლით მგზავრობა ეკონომ-კლასში 36 ლარი ღირს, ხოლო ბიზნეს-კლასში — 76 ლარი. მატარებლით მგზავრობის დრო დაახლოებით 5 საათს შეადგენს.
რაც შეეხება ავტობუსით მგზავრობას, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მგზავრობის საშუალო ღირებულება 45 ლარია, თუმცა მგზავრობის ხანგრძლივობა 6-დან 7 საათამდე გრძელდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.