„ოპოზიციის ალიანსის“ წევრები პოლიციაში ძალადობის ახალ ფაქტებს ეხმიანებიან. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრები, სადაც, სავარაუდოდ, ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაღებული წამების ეპიზოდებია ასახული, ოპოზიციური გაერთიანებისთვის სისტემური პრობლემის დასტურია.

გიგა ლემონჯავას განცხადებით, შსს ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საუბარია მხოლოდ ეპიზოდურ ძალადობაზე, თუმცა რეალობა გაცილებით მძიმეა. მისი თქმით, პოლიციელები თავად იღებენ წამების ამსახველ ვიდეოებს და მათ სხვადასხვა ჩატში ავრცელებენ.

„ჩვენ ვნახეთ კადრები, რომელიც თავად პოლიციელებმა გადაიღეს. რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ფაქტები გორშიც დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჟონავს და წამება პოლიციის განყოფილებებში დამკვიდრებული პრაქტიკაა“, - განაცხადა ლემონჯავამ ბრიფინგზე.

ოპოზიციური გაერთიანების წევრებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, გაასაჯაროონ მსგავსი ტიპის მასალები, თუკი მათ ხელთ არსებობს. ლემონჯავას თქმით, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ პასუხისმგებლობის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს, არამედ დაიცავს სხვა მოქალაქეებსაც.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელობაზე. ლემონჯავამ აღნიშნა, რომ ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მომხდარზე პასუხისმგებლობა გრიგოლ ბესელიასაც ეკისრება, რომელიც იმ პერიოდში აჭარის პოლიციას ხელმძღვანელობდა.

„ვინმეს სჯერა, რომ აჭარის პოლიციის უფროსმა არ იცოდა, რა ხდებოდა განყოფილებაში? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მიზანია, ეს მოძალადე სისტემა დასრულდეს“, - დასძინა მან.

„ოპოზიციის ალიანსი“ საზოგადოებას პროტესტისკენ მოუწოდებს და დღეს საღამოს ფილარმონიასთან შეკრებას გეგმავს, საიდანაც მსვლელობა დაიწყება. მათი მთავარი მოთხოვნა სისტემური წამების პრაქტიკის შეწყვეტა და პასუხისმგებელი პირების დასჯაა.