„Prime Time“-მა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც, მედიის მტკიცებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ინსტრუქციები 26 მაისის აქციისთვის უცხოელმა კონსულტანტმა, იგორ ბლაჟევიჩმა შეიმუშავა. გავრცელებული ინფორმაციით, ბლაჟევიჩთან კომუნიკაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ორ ადამიანს აქვს, მათ შორის, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიას.
სტრატეგია „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“
გეგმის თანახმად, კამპანია ორ ძირითად მიმართულებად იყოფა. მთავარი გზავნილი სათაურით „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“ უნდა ფოკუსირდეს საზოგადოების იმედგაცრუებაზე, ემიგრაციასა და ფასების ზრდით გამოწვეულ უკმაყოფილებაზე.
ინსტრუქციის მიხედვით, ოპოზიციის მიზანია დაარწმუნოს მოქალაქეები, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. პარტიებმა უნდა წარმოაჩინონ, თითქოს „ოპოზიციური ალიანსი“ სწორედ ამ მონაპოვრების დასაცავად შეიქმნა.
როლების გადანაწილება ოპოზიციურ პარტიებს შორის
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავალებები კონკრეტულად გადანაწილდა:
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხები.
- პარტია „დროა“: პოლიტიკური პატიმრები და პროტესტის უწყვეტობის საჭიროება.
- პარტია „ახალი“: 26 მაისის შეკრების მიზეზები და პოლიტიკური არსი.
- „ევროპული საქართველო“: ემიგრაცია, ჯანდაცვის სექტორი და დიუშენის დაავადება.
- „სტრატეგია აღმაშენებელი“: ხელისუფლების ცვლილების გზები.
- „თავისუფლების მოედანი“: რეგიონებისა და თვითმმართველობის პრობლემატიკა.
გამომსვლელთა სია და დაპირისპირება
გეგმა ასევე მოიცავს აქციაზე გამომსვლელთა სიას. მათ შორის არიან: ლევან ცუცქირიძე, თენგო თევზაძე, გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი, გიორგი ვაშაძე, ნანა ტოხვაძე, ნოდარ ჩაჩანიძე და ნიკა გვარამია.
საინტერესოა, რომ დოკუმენტის თანახმად, ბლაჟევიჩსა და ოპოზიციონერებს შორის უთანხმოებაც დაფიქსირდა. კონსულტანტი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ პოლიტიკოსებმა გამოსვლების ტექსტები ChatGPT-ის დახმარებით დაწერეს, რისთვისაც ერთ-ერთ ორგანიზატორს მკაცრი გაფრთხილებაც მისცა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.