საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიციური ალიანსის მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა. კობახიძის თქმით, მთავრობა ოპოზიციას შეკრების გამართვას არ უშლის, თუმცა აქციისთვის საჭირო აპარატურის განთავსებაზე უარის თქმას 26 მაისის ოფიციალურ ღონისძიებებს უკავშირებს.

„შეკრების გამართვა ყველას შეუძლია, რომ დავაზუსტოთ. აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. თქვენ იცით, რომ აღინიშნება 26 მაისი და ამასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს“, — განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა ოპოზიციის გეგმები კრიტიკულად შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ოპოზიციის მიერ აქციის ჩატარება მხოლოდ მათივე „უსუსური სახის“ დემონსტრირება იქნება.

რა ხდება ოპოზიციის ბანაკში?

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ აქციის ორგანიზატორებს აპარატურის შეტანაზე უარი უთხრეს, ოპოზიციური ალიანსი უკან დახევას არ აპირებს. მათი მტკიცებით, ისინი გეგმებს არ ცვლიან და დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბურ აქციას მაინც გამართავენ.

აქციამდე ოპოზიციურმა პარტიებმა ე.წ. „კარდაკარის“ კამპანია განახორციელეს. პროცესის ფარგლებში, პოლიტიკოსები ამომრჩევლებს შეხვდნენ, მათ საკუთარი სამომავლო გეგმები გააცნეს და არსებული პრობლემები მოისმინეს. შეხვედრების მთავარი მიზანი მოსახლეობის 26 მაისის აქციაზე მობილიზება იყო.