პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური სპექტრის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდებიან, საარჩევნო პროცესს მიღმა უნდა დარჩნენ.

კონსტიტუციური წესრიგი და პოლიტიკური პროცესები

პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილი მკაცრად გააკრიტიკა და მათ „არასისტემური ჯგუფები“ უწოდა. მისი განმარტებით, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კონსტიტუციურ პრინციპებს სცდებიან, ქვეყნის სამართლებრივ სივრცეს საფრთხეს უქმნიან.

„როდესაც პარტიები კონსტიტუციური პრინციპებიდან არიან ამოვარდნილნი, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წარმოება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველაფერი იმ სამართლებრივ და პოლიტიკურ სივრცეში მოექცეს, რომელიც ჩვენი კონსტიტუციითაა განსაზღვრული“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

„კონსტიტუციის მტერი პარტიები“

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური ალიანსები ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. პაპუაშვილის თქმით, სანამ საზოგადოება შეეგუება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში „კონსტიტუციის მტერი“ ძალები მოქმედებენ, პოლიტიკური აურზაური გარდაუვალი იქნება.

„მთავარი, ვისაც ე.წ. ალიანსის უკლებლივ ყველა წევრი ღალატობს, არის საქართველო. სამშობლოს ღალატის ფონზე, მათ შიდა დაპირისპირებები და დავიდარაბა მეჩვიდმეტეხარისხოვანია“, — აღნიშნა მან.

სამართლის უზენაესობა და არჩევნები

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური საქმიანობა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. მისი თქმით, თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება 2028 წლის არჩევნებს, პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ანტიკონსტიტუციურად ცნობილი სუბიექტების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. „თქვენ გგონიათ, რომ კონსტიტუციის მტრებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ? დემოკრატია ასე წარმოგიდგენიათ?“, — დასძინა მან.