საქართველოს პარლამენტმა პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტს, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება, მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საკანონმდებლო ინიციატივა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ წარადგინა. ცვლილებების მთავარი მიზანი უწყების მართვის პროცესების ოპტიმიზაცია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწაა.
მმართველობითი სტრუქტურის ცვლილება
კანონპროექტის თანახმად, პენიტენციური სისტემის მართვაში მნიშვნელოვანი დეცენტრალიზაცია ხორციელდება. კერძოდ, რიგ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ენიჭება.
ასევე, იცვლება პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებების დამტკიცების წესი: მინისტრი მათ უშუალოდ, გენერალური დირექტორის წარდგინების გარეშე დაამტკიცებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო აქტებიდან ამოღებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სახელდებითი მოხსენიება, რაც სისტემას უფრო მოქნილს გახდის.
დისციპლინური ნორმები და შეუთავსებლობა
ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი სამსახურებრივ დისციპლინას ეხება. კანონპროექტით დეტალურად რეგულირდება:
- ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის საკითხები;
- სამსახურის თვითნებურად მიტოვების სამართლებრივი შედეგები;
- სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები;
- განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის წესები და დამატებითი შვებულების პირობები.
ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონთან სრულ შესაბამისობაში მოვა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.