საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიომ, საპატრიარქო რეზიდენციაში ხუთი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო. 11 ივნისს გამართული შეხვედრები გაცნობითი ხასიათისა იყო და მასში ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, სომხეთისა და თურქეთის ელჩები მონაწილეობდნენ.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დიპლომატებმა პატრიარქ შიოს უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადეს და მისი არჩევა მიულოცეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩები: ვალიდ აბუ ჰაია, გერეთ უორდი, მასიმილიანო დანტუონო, აშოტ სმბატიანი და მუსტაფა თურქერ არი.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საუბარი თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და ქართული დიასპორის აქტუალური საკითხები.
დიალოგის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების შენარჩუნებაზე. ასევე, საუბარი შეეხო ახალგაზრდების აღზრდისა და გლობალური კრიზისების, მათ შორის ომების, გავლენას თანამედროვე საზოგადოებაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პატრიარქის პირველი საერთაშორისო შეხვედრა. 27 მაისს შიო III-მ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საერთო ქრისტიანულ ფასეულობებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესი და უნეტარესი შიო III საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 11 მაისს აირჩიეს, რასაც მეორე დღეს მისი ინტრონიზაცია მოჰყვა. მისი წინამორბედი, ილია II, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მეთაურობდა, მარტში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.