უკრაინამ და უნგრეთმა ზაკარპატიის ოლქში მცხოვრები უნგრელი თემის უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ეს ნაბიჯი კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობებში ხანგრძლივი დაძაბულობის განმუხტვის მნიშვნელოვანი ეტაპია.
შეთანხმების მიღწევისთანავე, უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უნგრულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზაკარპატიაში მცხოვრები უნგრული თემის საგანმანათლებლო, კულტურული, ენობრივი და პოლიტიკური უფლებების შესახებ დოკუმენტმა ოფიციალური სტატუსი მიიღო. მისი თქმით, ეს შეთანხმება დაახლოებით 100 ათასი ეთნიკური უნგრელის უფლებრივ მდგომარეობას კომპლექსურად მოაწესრიგებს.
მადიარის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ ოფიციალური ვალდებულება აიღო, შეასრულოს შეთანხმების ყველა პუნქტი და აისახოს ის ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაში, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის აუცილებელი ნაწილია.
ხანგრძლივი დავის დასასრული
უნგრელი უმცირესობის უფლებები ბოლო ათწლეულის განმავლობაში კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობის მთავარი პრობლემური საკითხი იყო. უნგრული მხარე არაერთხელ აპროტესტებდა უკრაინის განათლებისა და ენის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რაც, მათი მტკიცებით, უმცირესობათა უფლებებს ზღუდავდა.
პეტერ მადიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ ამ საკითხის მოგვარება რამდენიმე კვირაში შეძლო, რაც, მისი თქმით, წინა მთავრობისთვის ათი წლის განმავლობაში მიუღწეველი შედეგი იყო.
შეთანხმების ფონზე, უახლოეს პერიოდში ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვასთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას გეგმავს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.