„ტვ პირველის“ საავტორო გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსმა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში ჩადენილ სადისტურ ძალადობას ასახავს, საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები ახალგაზრდებს ჩვენების მოპოვების მიზნით.

ვიდეომასალაში გარკვევით ისმის მოქალაქის ხმა, რომელიც აცხადებს, რომ „არაფერი არ იცის“, რასაც პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვება. გავრცელებულ კადრებში ჩანს წიხლებისა და მუშტების დარტყმა, ასევე თმაზე ქაჩვის ეპიზოდები. ტელეკომპანიის მტკიცებით, ძალადობის პროცესს თავად სამართალდამცავები იღებდნენ.

ანონსის გავრცელებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ საგანგებო განცხადებები გაავრცელეს. უწყებების ცნობით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, ქობულეთში მომხდარ ფაქტს. მაშინდელი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი, რომლებიც აჭარაში მივლინებით იმყოფებოდნენ, 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება გენერალური ინსპექციის მიერ 2026 წლის თებერვალში გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე დაიწყო. უწყებები აკრიტიკებენ ტელეკომპანიას და აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია დაკავებების შესახებ მათთვის წინასწარ იყო ცნობილი, თუმცა ანონსში არ ასახულა.

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ეს არ არის ცალკეული პოლიციელის გადაცდომა, არამედ სისტემური ხასიათის პრობლემა. გადაცემის ანონსის თანახმად, პოლიციელები ძალადობის კადრებს საერთო ჩატში უზიარებდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, არსებობს სხვა ფაილებიც, სადაც მსხვერპლთა მიმართ კიდევ უფრო მძიმე სახის ძალადობაა ასახული, მათ შორის სხეულის დაწვა.

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასჭირდა სახელმწიფოს ოთხი წელი დანაშაულის გამოსავლენად და რატომ არ არის ცნობილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვინც ამ სისტემური ძალადობის შესახებ ინფორმირებული იყო. თემა განსაკუთრებით აქტუალურია გორში პოლიციელთა მიერ მოქალაქეებზე ჯგუფური ძალადობის კადრების გასაჯაროების ფონზე.