მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის გახსნით მატჩში კანადის ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ქულის გადარჩენა შეძლო. შეხვედრა, რომელიც მასპინძლებისთვის მარცხით დასრულებასთან ახლოს იყო, კაილ ლარინის გვიანდელი გოლით 1:1 დასრულდა.
ბოსნიელებმა, რომლებიც 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ მსოფლიო პირველობას, ანგარიში 21-ე წუთზე გახსნეს. იოვო ლუკიჩმა კუთხურის შემდეგ მიღებული ბურთი ზუსტად დაამუშავა და თავისი ქვეყნის ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
კანადამ გაშვებული გოლის შემდეგ შეტევები გააძლიერა. 53-ე წუთზე რიჩი ლარიას ჰქონდა გათანაბრების რეალური შანსი, თუმცა ბოსნიელმა მცველმა სეად კოლაშინაცმა ბურთი სასწაულებრივად მოიგერია და ის ხარიხას მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ კანადელები მუდმივად უტევდნენ და ბოსნიის კართან არაერთ სახიფათო მომენტს ქმნიდნენ, მათ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ. ბოსნიელები თავს დამაჯერებლად იცავდნენ და მინიმალური უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდნენ.
მატჩის ბედი 76-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა კაილ ლარინმა გადაწყვიტა. „საუთჰემპტონის“ თავდამსხმელმა მოედანზე გამოსვლიდან სამ წუთში, საჯარიმოში მობრუნებულმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა, რითაც ადგილობრივი გულშემატკივარი აღაფრთოვანა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასაწყისში კანადის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ჯონათან დევიდს, გოლის გატანის იდეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული პირდაპირ მეკარე ნიკოლა ვასილიზე წავიდა.
მეორე ტაიმში თამაში უფრო გაიხსნა. ბოსნიას უპირატესობის გაზრდა შეეძლო, როდესაც ერმედინ დემიროვიჩი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა კანადელმა მეკარემ მაქსიმ კრეპომ, რომლისთვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი იყო, გუნდი გადაარჩინა.
საბოლოო ჯამში, კანადამ ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ქულა მოიპოვა, თუმცა მასპინძლებს გამარჯვებით დაწყება სურდათ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.