დიპლომატი დავით ჩხეიძე პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების წამების ამსახველ კადრებს ეხმაურება. მისი თქმით, საზოგადოებამ მსგავსი სისასტიკე პირდაპირ ეთერში ჯერ კიდევ ორი წლის წინ იხილა, თუმცა რეალობა გაცილებით მძიმეა.

ჩხეიძის განცხადებით, 2022 წლის შემდეგ პატიმრებისა და მოქალაქეების მიმართ წამების ფაქტები არათუ შემცირდა, არამედ „გაასმაგდა“. ის ხაზს უსვამს, რომ რეპრესიები მიმართულია არა მხოლოდ უდანაშაულო პირების, არამედ საზოგადოების ყველაზე პასუხისმგებლიანი და პატრიოტი მოქალაქეების წინააღმდეგ.

პოლიტიკური რეჟიმი და ნდობის კრიზისი

„ეს რეჟიმი განწირულია. მას არავინ, არასდროს, პატივს აღარ სცემს და ნდობას აღარ გამოუცხადებს“, — აცხადებს ჩხეიძე. მისი შეფასებით, ხელისუფლებასთან დებატები უკვე კომიკურია და მათ დიდი ხანია გადაკვეთეს ყველა „წითელი ხაზი“.

დიპლომატის თქმით, საზოგადოება ეტაპობრივად გაეცნობა გაცილებით მძიმე მტკიცებულებებს, რომელთა გამართლებასაც სამთავრობო გუნდი ვეღარ შეძლებს. ის მიიჩნევს, რომ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული პირველ რიგში თავად მესვეურების ინტერესებში შედის.

შსს-ს რეაქცია

აღსანიშნავია, რომ ნოდარ მელაძის „შაბათის ეთერის“ მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც პოლიციელების მიერ მოქალაქეების წამების სავარაუდო ფაქტებია ასახული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყება საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მზადყოფნას გამოთქვამს.

„მშვიდობიანი დასასრული ყველაზე მეტად ამ რეჟიმის მესვეურების ინტერესშია“, — აცხადებს დავით ჩხეიძე.