გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, საერთაშორისო გამოფენის „Belagro 2026“-ის გახსნას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პავილიონი გაიხსნა, სადაც მინისტრმა მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა.
პავილიონს ესტუმრნენ ბელარუსის ვიცე-პრემიერი იური შულეიკო, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი იური გორლოვი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ. დავით სონღულაშვილის განცხადებით, ქართული პროდუქცია ამ მასშტაბურ გამოფენაზე წელს პირველადაა წარმოდგენილი.
„ქართული სტენდი დამთვალიერებლების სიმრავლით გამოირჩევა, რაც ჩვენი პროდუქციის მიმართ არსებულ მაღალ ინტერესს ადასტურებს. ეს ინტერესი მომავალში ახალ საექსპორტო ხელშეკრულებებსა და პარტნიორობაში აისახება. ჩვენი მიზანია აგროსასურსათო წარმოებისა და ექსპორტის ზრდით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეფასებით, ბელარუსული ბაზარი ქართული ექსპორტისთვის სტრატეგიულად საინტერესო მიმართულებაა. მისი თქმით, მსგავსი ვიზიტები და საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური მონაწილეობა ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას.
„Belagro 2026“ რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც აერთიანებს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის წამყვან კომპანიებს. ქართული პავილიონის ორგანიზება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა.
გახსნის ცერემონიას საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრები, მათ შორის ლაშა დოლიძე, ლევან მეხუზლა, გიორგი იაკობაშვილი და გიორგი ავალიანი, ასევე საქართველოს ელჩი ბელარუსში გიორგი საგანელიძე და ბელარუსის ელჩი საქართველოში ნიკოლაი როგაშჩუკი დაესწრნენ.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.