„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაციამ აზერბაიჯანში ვიზიტი დაასრულა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა და გამგეობის წევრებმა ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის მთავარი თემა „რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში: მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ იყო. დელეგაცია აზერბაიჯანელი კოლეგების მიწვევით იმყოფებოდა.

აქცენტი დეოკუპაციაზე

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

„უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამოვიდა, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მე დარწმუნებული ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი გზით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას,“ - განაცხადა ლიპარტელიანმა.

ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა, შეხვედრების შეჯამებისას ხაზი გაუსვა პოსტკონფლიქტურ გარემოში არსებულ გამოწვევებს და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას.

მომავლის მიზნები

გრიგოლიშვილის თქმით, მიუხედავად გარკვეული მიღწევებისა, საქართველო კვლავ უმკლავდება რეკონსტრუქციისა და განვითარების სირთულეებს. მისი განცხადებით, ორგანიზაციის პრიორიტეტი უცვლელია.

„ჩვენი მიზანი არის ერთადერთი და უმთავრესი - ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია. ასევე, თანამოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა,“ - აღნიშნა მარიამ გრიგოლიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს, რაც, მათი შეფასებით, გლობალური უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.