სამხრეთ კალიფორნიაში, რივერსაიდის საგრაფოში, ტყის ხანძარი სწრაფად ვრცელდება. კალიფორნიის სატყეო მეურნეობისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის დეპარტამენტის (Cal Fire) მონაცემებით, ცეცხლმა უკვე 2 000 აკრზე მეტი ფართობი მოიცვა.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხანძარი უშუალოდ გზატკეცილების მიმდებარედ მძვინვარებს, სადაც ავტომობილების მოძრაობა არ წყდება. ვითარების გასაკონტროლებლად ადგილზე ავიაციაა მობილიზებული, მათ შორის ვერტმფრენები, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგიონის გარკვეულ ნაწილებში ევაკუაციის ბრძანება უკვე გაცემულია. უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის სპეციალური თავშესაფრები მოეწყო, სადაც მათ პირველადი დახმარება გაეწევათ.

ოპერატიული მონაცემებით, სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია 40-ზე მეტი სახანძრო მანქანა და 250-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ლოკალიზებას, რათა ხანძარი დასახლებულ პუნქტებს არ მიახლოებოდა.

ამ დროისთვის კალიფორნიის საგანგებო სიტუაციების სამსახური აგრძელებს მონიტორინგს, რათა დადგინდეს, რა მასშტაბის ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას და რამდენად უსაფრთხოა მოსახლეობისთვის დაბრუნება საკუთარ სახლებში.