რომის პაპმა ლეო XIV-მ ესპანეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ექვსდღიანი ტურნე, რომელიც 6 ივნისს დაიწყო და 12 ივნისამდე გასტანს, დატვირთულია როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ხასიათის შეხვედრებით.
ვიზიტის მთავარი მიზანი მშვიდობისა და ადამიანური ღირსების პრიორიტეტების წინ წამოწევაა. პაპი ყურადღებას ამახვილებს მიგრაციისა და სოციალური ერთობის მნიშვნელობაზე, რაც თანამედროვე ევროპისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
მადრიდში ჩასვლისთანავე, რომის პაპი ესპანეთის სამეფო ოჯახს შეხვდა. რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია ესწრებოდნენ.
სამეფო სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ლეო XIV-მ მწვავედ გააკრიტიკა პოლარიზაციის ტენდენცია. მისი თქმით, პოპულარობის მოპოვების მიზნით საზოგადოების დაყოფა სახიფათო პროცესია.
„დღეს, პოლარიზაციის გაღვივების ხარჯზე პოპულარობის მოპოვების ცდუნება იზრდება და ადამიანური ღირსების შელახვა გრძელდება. ყველას მოვუწოდებ, გვერდზე გადადეთ თქვენი საზოგადოებრივი რეალობისა და ისტორიის გამყოფი და პოლარიზაციის გამომწვევი ნარატივები“, - განაცხადა რომის პაპმა.
პაპის ეს გზავნილი ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება, სადაც საზოგადოებრივი ერთობის შენარჩუნება დღის წესრიგში დგას.
ვიზიტის შემდგომ დღეებში პაპი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში, სადაც დიალოგის გაძლიერების მცდელობებს გააგრძელებს. Reuters-ის ცნობით, ვიზიტის განრიგი საკმაოდ მჭიდროა და მოიცავს როგორც ოფიციალურ აუდიენციებს, ისე საზოგადოებრივ შეხვედრებს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.