12 ივნისიდან რუსეთის ბაზარზე სომხეთიდან „კარანტინის ქვეშ მყოფი“ პროდუქციის შეტანა ოფიციალურად აიკრძალა. „როსსელხოზნადზორის“ გადაწყვეტილება შეეხო როგორც უშუალოდ რუსეთის ფედერაციას, ისე სომხეთიდან რუსეთის გავლით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრ ქვეყნებს — ბელარუსს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს.
შეზღუდვების ჩამონათვალი ვრცელია და 130-მდე პუნქტს მოიცავს. მათ შორისაა თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურა, ფქვილი, სხვადასხვა სახის მცენარეები და ხის მასალა. უწყების განმარტებით, აკრძალვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ უსაფრთხოების ახალი „კონკრეტული ალგორითმი“ არ შემუშავდება.
აკრძალვის ოფიციალური მიზეზი
რუსული მხარე გადაწყვეტილებას „საკარანტინო ობიექტების სისტემატური გამოვლენით“ ხსნის. „როსსელხოზნადზორის“ მტკიცებით, ივნისში სომხეთიდან შეტანილ თხილში, ასევე ატმისა და ტომატის ჩირში მავნებელი ხოჭო — ხაპრა აღმოაჩინეს.
მოსკოვის აზრით, ეს ფაქტი სომხეთში ფიტოსანიტარული კონტროლის სისუსტეზე მიუთითებს. რუსული უწყება აცხადებს, რომ მათ აღარ აქვთ ნდობა სომხური მხარის მიერ გაცემული ფიტოსანიტარული სერტიფიკატების მიმართ.
პოლიტიკური ფონი
დაკვირვებების თანახმად, რუსეთის ამ ნაბიჯს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ პოლიტიკური კონტექსტიც გააჩნია. ექსპერტების შეფასებით, მოსკოვის აღნიშნული ქმედება უკავშირდება სომხეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელ საგარეო პოლიტიკურ კურსს და ევროკავშირთან დაახლოების მცდელობებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სომხური პროდუქციის შეზღუდვა ჯერ კიდევ მაისიდან დაიწყო. მაშინ აკრძალვა შეეხო ყვავილებს, ბოსტნეულს, ხილს, თევზს, ასევე მინერალურ წყლებსა და ალკოჰოლურ სასმელებს. 12 ივნისის გადაწყვეტილება კი ამ შეზღუდვების მასშტაბურ გაფართოებას წარმოადგენს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.