რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩეხეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული უწყებაში დაიბარა. ოფიციალური მოსკოვი მოითხოვს, რომ ჩეხეთმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

სასულიერო პირი კარლოვი-ვარში, ავტომაგისტრალზე დააკავეს. ჩეხური პოლიციის ცნობით, ჩხრეკის შედეგად მისი ავტომობილის საბარგულში თეთრი ფხვნილით სავსე ოთხი კონტეინერი აღმოაჩინეს. მას ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და ვაჭრობას ედავებიან.

მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მათ „უსაფუძვლოსა და ტყუილს“ უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, დაკავება ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მოხდა, რაც მათი თქმით, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე მიუთითებს.

ამავე პოზიციას იზიარებს დაკავებულის ადვოკატიც. მისი თქმით, პოლიციელები ავტომობილის გაჩერებისთანავე პირდაპირ საბარგულისკენ წავიდნენ, თითქოს ზუსტად იცოდნენ, სად უნდა ეძებათ ნივთმტკიცება. თავად ილარიონ ალფეევი მომხდარს პირდაპირ პროვოკაციად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ ილარიონ ალფეევის სახელი ბოლო პერიოდში საერთაშორისო მედიაში სხვა კონტექსტშიც ფიგურირებდა. მედიის ინფორმაციით, სასულიერო პირი შუამავლის როლს ასრულებდა რუსეთის ხელისუფლებასა და ვიქტორ ორბანის გარემოცვას შორის.

საქართველოსთან მიმართებით, მიტროპოლიტ ილარიონს განსაკუთრებული ბიოგრაფიული კავშირი აქვს. ის დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, ხოლო სასულიერო გზა 15 წლის ასაკში, საქართველოში დაიწყო, როდესაც იგი სტიქაროსნად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.