ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარიში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) დააკავეს. სამართალდამცავებმა სასულიერო პირის ავტომობილი გააჩერეს, სადაც მისი თანმხლები ოპერატორიც იმყოფებოდა. ჩხრეკის შედეგად, ავტომობილის საბარგულში თეთრი ფერის ნივთიერებით სავსე ოთხი კონტეინერი აღმოაჩინეს.

ბრალდება და პოზიცია

თავად მიტროპოლიტი ილარიონი მომხდარს პროვოკაციად აფასებს და ნარკოტიკულ ნივთიერებებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. საკუთარი Telegram-არხის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში იგი მოითხოვს „დამოუკიდებელ და პროცედურულად უნაკლო გამოძიებას“.

ილარიონის ადვოკატი, მიხალ პაცოვსკი, აცხადებს, რომ დაკავების პროცედურა და ავტომობილის ჩხრეკის გარემოებები სერიოზულ კითხვებს ბადებს. მიტროპოლიტის თქმით, ბოლო პერიოდში ის არაერთხელ მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც, მისივე ვარაუდით, საეკლესიო საქმიანობას უკავშირდება.

ვინ არის მიტროპოლიტი ილარიონი?

ილარიონი (ალფეევი) წლების განმავლობაში რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას ხელმძღვანელობდა და პატრიარქ კირილეს უახლოეს გარემოცვად მიიჩნეოდა. მანამდე ის ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიას მართავდა და უნგრეთის მოქალაქეობაც მიიღო.

მოგვიანებით, მის ეპარქიაში მომხდარი სკანდალის შემდეგ, როდესაც მღვდელი გეორგი სუზუკი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, ილარიონი კარლოვი-ვარის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში გადაიყვანეს. 2025 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთი განიხილავდა მიტროპოლიტისთვის სანქციების დაწესებას რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან შესაძლო კავშირის გამო.

კავშირი საქართველოსთან

მიტროპოლიტი ილარიონი საქართველოს საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურაა. ის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვაზე რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა. თეოლოგიურ წრეებში მაშინ აქტიურად განიხილებოდა მისი ვიზიტის გავლენა ქართული ეკლესიის შიდა პროცესებზე, რასაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ „სიცრუე“ უწოდა.