რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანეს. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
თავდაპირველად უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ ერთ-ერთი სამრეწველო ობიექტის ორი თანამშრომელი შეტევის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. მოგვიანებით, ფედოროვმა დაადასტურა, რომ ისინი გარდაცვლილები იპოვეს.
იერიშის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა როგორც სამრეწველო, ისე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოკუპანტები ინტენსიურად ბომბავენ რეგიონს სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის 55 დასახლებულ პუნქტზე 946 დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო და საარტილერიო შეტევების შედეგად რეგიონში კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა.
„მივიღეთ 116 შეტყობინება ინფრასტრუქტურის ობიექტების, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების დაზიანების შესახებ“, - განაცხადა ივან ფედოროვმა.
სიტუაცია ზაპოროჟიეში კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება, რადგან ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღებას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.