რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი ფორმატით დაწყებული პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება. აღნიშნული განცხადება გალუზინმა 19 ნოემბერს მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მინსკში რუსულ მხარეს გალუზინი წარმოადგენდა, ქართულ მხარეს კი — საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა დაადასტურეს, რომ „რიგ შეთანხმებებს“ მიაღწიეს, თუმცა დეტალებზე საჯაროდ არ უსაუბრიათ.
რუსულ სააგენტო ТАСС-თან საუბრისას მიხაილ გალუზინმა დაასახელა ერთ-ერთი შეთანხმება, რომელიც, მისი თქმით, თბილისის ინიციატივით შედგა. მხარეები საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, რუსულმა მხარემ ქართულ დელეგაციას წარუდგინა ზომები, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ღვინის მიწოდების გაზრდას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული ნაკადის ზრდის გამო. გალუზინის განმარტებით, მოსკოვი მზადაა, ეტაპობრივად განავითაროს კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები. დისკუსიის ფარგლებში ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. გალუზინის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ პრინციპზე, რომლის მიხედვითაც რეგიონული პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მათ უშუალო მეზობლებს ეკისრებათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მოსკოვისთვის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მიუმართავს. საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც. მისი თქმით, მინსკის შეხვედრას არაფერი აქვს საერთო არც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან და არც ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებასთან.
„არ არის არაფერი საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინსკის ფორმატს კრიტიკულად აფასებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და ექსპერტები. „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ მიიჩნევს, რომ შეხვედრის ადგილად ბელარუსის დედაქალაქის შერჩევა საგარეო კურსის ცვლილებაზე მიანიშნებს. ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი კი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მოსკოვთან პირდაპირი ურთიერთობის დაწყება აზიანებს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას, ვიდრე რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „საელჩოები“ აქვს გახსნილი.







დისკუსია
0 კომენტარი