რუსეთის ფედერაცია უკრაინის ბირთვული ობიექტების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს. 7 ივნისს, გამთენიისას, რუსული დრონი უკრაინის ბირთვული საწვავის ცენტრალური საცავის ტერიტორიაზე მდებარე შენობას დაეჯახა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ მომხდარი მკაცრად დაგმო. მისი თქმით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, არამედ რუსეთის მიერ ბირთვული შანტაჟის მეთოდის სისტემური გამოყენებაა.
რუსმა სამხედროებმა უკვე არაერთხელ შეუქმნეს საფრთხე უკრაინის ბირთვულ ობიექტებს. რუსეთის მხრიდან ბირთვული შანტაჟი და ბირთვული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები სისტემური, მიზანმიმართული და სრულიად მიუღებელია, - განაცხადა სიბიჰამ.
უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ ცნობით, ინციდენტი ღამის 02:10 საათზე მოხდა. დრონის დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა კონტეინერების მიმღები შენობა. კომპანია ხაზს უსვამს, რომ შემთხვევის დროს შენობაში ბირთვული საწვავი არ ინახებოდა, რამაც მასშტაბური კატასტროფა აარიდა თავიდან.
ხანძარი დაახლოებით 40 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლიკვიდირება დროულად შეძლეს. ოფიციალური ინფორმაციით, დარტყმის შედეგად პერსონალი არ დაშავებულა.
ანდრი სიბიჰა აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მსგავსი ქმედებები მკაცრად უნდა დაგმოს. მინისტრის განმარტებით, აგრესორზე ზეწოლის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთვული უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც შესაძლოა რეგიონისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.
უკრაინული მხარე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA), უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის ქმედებების მონიტორინგსა და შეკავებაში. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბირთვული უსაფრთხოება უკრაინის ომის ფონზე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.